რატომ რჩება ცუდი მინიშნება გაცილებით დიდხანს მეხსიერებაში და რა ნივთის დაზიანება ქმნის ოჯახში პრობლემებს

0
144

ხალხურ გადმოცემებში ბევრია უბედურებისა და წარუმატებლობის მომასწავებელი მინიშნება. მათგან ზოგი კარგად ნაცნობია თქვენთვის, ზოგისთვის ყური მოგიკრავთ, ზოგის შესახებ კი, მხოლოდ ახლა შეიტყობთ. თუ ყველა მინიშნებას, რომელიც გარდაუვალ უბედურებას, პრობლემებსა და წარუმატებლობას წინასწარმეტყველებს, ამჯერად ერთად მოვუყრით თავს, შეძლებთ, მოსალოდნელ უსიამოვნებას ისე გაუმკლავდეთ, რომ მინიმალური ზიანით ჩაიაროს. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნატო მ.

– შიში და ცრურწმენა ადვილად აჯერებს ადამიანს ცუდი ნიშნების ზემოქმედების ძალას. რადგან ნეგატიური მოვლენები უფრო დასამახსოვრებელია, ამიტომ ცუდი მინიშნება გაცილებით დიდხანს რჩება მეხსიერებაში. შესაბამისად, ურიგო არ იქნება, თუ ერთგვარ ჩამონათვალს გავაკეთებთ ყველა ამგვარი – ნაცნობი თუ უცნობი მინიშნების შესახებ. მაშ ასე, თუ დაგესიზმრათ, რომ ძაღლი გიყეფთ, გიკბინათ ან თავს გესხმით, ეს ახლო მეგობრების არამეგობრული საქციელია – ზურგს უკან ჭორაობენ და შეთქმულებას აწყობენ. შესაძლოა, მალე ერთ-ერთ ან რამდენიმე მათგანთან ჩხუბიც კი მოგივიდეთ. რამდენი ძაღლიც ნახეთ სიზმარში, იმდენი მეგობარია თქვენი მოწინააღმდეგე და რაც მეტს ყეფს ან იკბინება ცხოველი, მით უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებთ საყვარელი ადამიანებისგან. გახსოვდეთ, ეს ნიშანი არასდროს იტყუება.

– როგორც ვიცი, უმეტესი მინიშნება სახლში არსებულ სიტუაციასა და ოჯახის წევრებს ეხება…

– დიახ. მაგალითად, სახლში შემოფრენილი პეპელა ოჯახის ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობას ნიშნავს, რომელიც შეიძლება გარდაიცვალოს. მოულოდნელად თუ იატაკი ან კარი აჭრაჭუნდა, ფინანსურ სირთულეებს ელოდეთ. დილის სიმღერით დაწყება თითქოს ცუდი არ უნდა იყო, მაგრამ ხალხური გადმოცემა გვაფრთხილებს: ვინც საუზმემდე იმღერებს, საღამოს ცრემლის ღვრა მოუწევსო. პურის ჭრისას თუ დანას შიგ ჩატოვებთ, ოჯახში ჩხუბი ატყდება. არც ბასრი საგნები დატოვოთ ღამით მაგიდაზე – დანები და მაკრატლები უჯრებში შეინახეთ, თორემ სახლში სკანდალებს ვერ გამოლევთ. არც საჯაროდ გამოფინოთ საყვარელ მამაკაცთან კოცნის ფოტო, თორემ ღალატსა და სკანდალურ განშორებას ვერ ასცდებით. ნურც თმას შეიჭრით თავად, ამით სიცოცხლეს იმოკლებთ. რაც არ უნდა გეჩქარებოდეთ, სამოსს ტანზევე ნუ ამოკემსავთ – გონებას ავნებს. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, მალულად იმოქმედეთ, თან ძაფიც კბილით მოწყვიტეთ. თუმცა სხვის ტანზე სამოსის არც დაკემსვა და არც შეკერვა არასდროს სცადოთ, რადგან, თუ შემთხვევით ნემსი შეერჭო და სისხლი წამოუვიდა, ის ადამიანი შეიძლება მალე მოკვდეს. ცემა არ აგცდებათ, თუ შეამჩნიეთ, რომ ტანსაცმელი უკუღმა, ამობრუნებული გაცვიათ, ხოლო ამაზე თუ უცნობებმა მიგითითეს, მალე შეხვდებით ადამიანს, რომლის ნახვაც ძალიან გესიამოვნებათ. არასდროს გადაფერთხოთ მაგიდიდან პურის ნამცეცები ხელით – სიღარიბე და უფულობა იცის. ყოველთვის ქსოვილი გამოიყენეთ.

– გამიგია, რომ წინასწარ დაბადების დღე არ უნდა აღნიშნო…

– წინასწარ დაბადების დღის აღნიშვნას, შეიძლება იუბილარის სიკვდილიც კი მოჰყვეს. სახლში სტვენა სიღარიბისა და უბედურების ნიშანია, გაჩერებული საათი კი ფულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის ოჯახში მყოფთ. სხვისი ჭურჭლის გატეხა უბედურებას ნიშნავს, ხოლო მაგიდაზე დატოვებული ცარიელი ჭურჭელი – სიღარიბეს იწვევს. ცხობისას თუ პურის ქერქი გადასკდა, ახლობელი დაგტოვებთ.

– როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან უსიამოვნებები, რაც სიყვარულსა და პირად ცხოვრებას ეხება…

– მეგობარმა საყვარელი მამაკაცი რომ არ „წაგართვათ“, თქვენი ფეხსაცმლის ჩაცმის ან მოსინჯვის უფლება არ მისცეთ. გატეხილი ან გაბზარული სარკე ავადმყოფობა, ჯანმრთელობის გაუარესება და პრობლემებია პირად ცხოვრებაში. ცხელი ჩაის ან ყავის ცივი წყლით განზავება კონფლიქტია შინ და გარეთ. ცუდის მომასწავებელია ასევე, ნაგვის მზის ჩასვლის შემდეგ გადაყრა და დაზიანებული ჭურჭლის სახლში შენახვა. მეუღლესთან უსიამოვნების მანიშნებელია სახლში ნათურების ხშირი გადაწვა, ხოლო სამსახურში მზესუმზირას ჭამა – სკანდალებსა და პრობლემებს, კოლეგებთან და უფროსებთან ჩხუბს და მოულოდნელ შემოწმებას გიწინასწარმეტყველებთ. პირად ბედნიერებას ვერ ეღირსებით, თუ საწოლს საჩუქრად ქვრივისგან ან გაუთხოვარი ქალისგან მიიღებთ. მაგიდაზე საჭრელი დაფის გარეშე პროდუქტის დაჭრა – განქორწინებას ან შეყვარებულთან კონფლიქტს გპირდებათ. საქორწინო ცერემონიალისას თუ ბეჭედი დაგივარდათ, ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ იქნება. არასდროს იყიდოთ მზითევი წინასწარ და არც საჩუქრები მიიღოთ ბავშვის დაბადებამდე, თორემ უბედურებას დაელოდეთ. პურის ნარჩენს თუ გადააგდებთ, წარუმატებლობა და სიღარიბე გელით. გზაზე შავი კატა კი უბედურების საწინდარია. შუა გზიდან სახლში დაბრუნებამ მოგიწიათ? – უსიამოვნებას აირიდებთ, თუ მარცხენა მხარეს სამჯერ გადააფურთხებთ და სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს გაუღიმებთ. თქვენს ნაჭამ ულუფას თუ სხვა დაასრულებს, ამით საკუთარ ძალასა და ბედნიერებას მას დაუთმობთ. სახლში ტარაკნების მომრავლება ფინანსურ პრობლემებსა და ოჯახის წევრებს შორის სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს. ღამით დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში – ნამდვილი უბედურებაა სახლში. სხვას თუ მარილს ასესხებთ, ამით ბედნიერებას გასცემთ, მაგიდაზე ფეხსაცმლის დადება კი, ჩხუბს გამოიწვევს. არ შეიძლება ისეთი ნივთების ჩუქება, როგორიცაა: დანა, საათი ან ჩუსტები – იჩხუბებთ მასთან, ვისაც რომელიმეს მაინც აჩუქებთ. თუ სტუმარს თეფში ან ჭიქა ხელში შემოატყდა, ესე იგი, მასპინძელს რაღაც ცუდს უწყობდა. თუ ფანჯრებს ჯერ გარედან გარეცხავთ და შემდეგ შიგნიდან – ბედნიერება არასდროს შემოიხედავს თქვენთან. ნუ გაშლით სუფრას ცამეტ კაცზე, თორემ ერთ-ერთ სტუმარს ტრაგედია შეემთხვევა. თუ ამას მაინც ვერ ირიდებთ, უმჯობესია, მაგიდაზე დამატებითი, მეთოთხმეტე მოწყობილობა დადოთ. თუ ქალს სურს, მამაკაცს თავი მოაწონოს, პაემანზე ახალი ფეხსაცმლით არ უნდა წავიდეს – ასეთი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება, საქმრო პირველი შესაძლებლობისთანავე გაიქცევა. არც ტრუსი და წინდები აჩუქოთ რჩეულ მამაკაცს, თორემ დაშორდებით. არავითარ შემთხვევაში არ მოიზომოთ საქორწილო კაბა დაქორწინებამდე, თორემ არასდროს მოგიწევთ ქორწილში მისი ჩაცმა, ან საერთოდ ვერ გათხოვდებით, ანდა არ გექნებათ ოფიციალური ქორწილი კაბით, ფატითა და ბანკეტით.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ