რა ჯადოქრობა იმალება ჩვეულებრივ ღილში და რა გარეგანი საფრთხისგან გვიცავს ბოლომდე შეკრული ღილები სამოსზე

0
151

უძველესი ხალხური სიბრძნის მიხედვით, ძირს დაგდებული ღილის პოვნა კარგის ნიშანია – ყველა გზა ხსნილია თქვენთვის, წარმატება და ბედნიერი ცვლილებები გელით. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდებით ერთი, ჩვეულებრივი ღილის მაგიას, სანამ არ გაიგებთ, რომელი და როგორი ღილი გამოგადგებათ თილისმად. ეზოთერიკოსი ქალბატონი ნესტან ხ. აგვიხსნის, როგორი ღილის პოვნაა ყველაზე სარგებლიანი, რა შემთხვევაში გამოდგება ის თილისმად და რა მნიშვნელობა აქვს მის ფერს, ნახვრეტთა რაოდენობას, სამოსზე დაკერების წესსა თუ პოვნის დროს.

– ღილის პოვნა ნიშნავს, რომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, გზას წარმატებით და მარტივად გაივლით, ბედისწერა კი ბედნიერ ცვლილებებს გპირდებათ. ძველად ღილი ხელოვნების ნიმუში იყო და რა გასაკვირია, ასეთი ძვირად ღირებული ნივთის პოვნას იღბლის წყალობად თუ მიიჩნევდნენ. მაინც, რა ჯადოქრობა იმალება ჩვეულებრივ ღილში? – ტანსაცმელზე ყველა ღილს რომ შეიკრავთ, უკვე დაცული ხართ სასტიკი სამყაროს გავლენისგან. თანაც, რაც უფრო მეტია ნახვრეტი ღილზე, მით მეტი მხიარულება გელით წინ. მაგრამ ყველა ღილი კი არ უნდა აიღოთ, რასაც გზაზე წააწყდებით. მაგალითად, ოთხნახვრეტიანი ღილი წარმატებას ნიშნავს, შესაბამისად, თილისმად გამოგადგებათ, ორნახვრეტიანის აღებას არ გირჩევთ – საყვარელი ადამიანისგან ღალატია მოსალოდნელი; ერთნახვრეტიანი ღილი კი, გაფრთხილებთ, რომ ვიღაც ძალიან ეჭვიანობს თქვენზე.

– აქვს თუ არა მნიშვნელობა ნაპოვნი ღილის ფერს?

– ყველაზე იღბლიანი თეთრი ან მწვანე ღილის პოვნაა. მაგრამ, რადგან თეთრი ღილი ბევრია, მწვანეში დაფარული საიდუმლო უფრო მეტ იღბალსა და გამართლებას ნიშნავს – სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. თუმცა, თუ ღილში ძაფის ფრაგმენტებია დარჩენილი, არ შეეხოთ – იღბლის ნაცვლად, შეიძლება ოჯახში ჩხუბი, პარტნიორთან გაუგებრობები და ცრემლი მოგიტანოთ. არც შავი ღილია კარგი და არც გზაჯვარედინზე ნანახი, მათში შეიძლება ნეგატივი იყოს დალექილი. ასევე, უარყოფითი გავლენისაა ნახმარი, გატეხილი, გაცვეთილი და აქერცლილი ღილები. ზოგადად, ღილის პოვნა ნიშანია სამყაროსგან, რომ ძალიან მალე კარგი ამბები გელით: მოულოდნელი მოგზაურობა, დაწინაურება სამსახურში, გეწვევათ შთაგონება, გარკვეული სირთულეები თავისთავად მოგვარდება და დიდი ხნის დაკარგულ ნივთებს იპოვით.

– რას ნიშნავს, თუ სამოსზე ღილი ყველაზე შეუფერებელ მომენტში მოგვწყდა?

– თუ ტანსაცმელზე ღილი მოგწყდათ, არ ინერვიულოთ ეს მიგანიშნებთ, რომ თქვენს ცხოვრებას, პრინციპებს, გეგმებსა და ოცნებებს უნდა გადახედოთ. თუ სიგნალს ყურად იღებთ და ყველაფერს სწორად გააკეთებთ, წინ კარგი ამბები გელით. თუ ღილი აგწყდათ, ესე იგი, უკვე შეასრულა თქვენი დაცვის მისია. თუ ის შეკვრისას მოწყდა, მატერიალური სტაბილურობა და ფინანსური უსაფრთხოება გელი; თუ ეს სხვისი ხელით მოხდა, დააკვირდით, არ ენდოთ, მისგან ღალატი და ტყუილია მოსალოდნელი, იმედს გაგიცრუებთ. ღილის ხშირი დაკარგვა ნიშნავს, რომ აღარც ინტუიციას ენდობით და არც ბედის მინიშნებებსა და სამყაროს მითითებებს უსმენთ. უზენაესი ძალები დახმარებას ცდილობენ, თქვენ კი მას უარყოფთ. გახსოვდეთ, ღილები ცხოვრებაში ბედნიერი მოვლენების მაუწყებლის გარდა, თილისმაცაა ბოროტი ძალების წინააღმდეგ.

– როგორ გადავაქციოთ ღილი თილისმად?

– ამისთვის მისი დაკერების წესი უნდა დაიცვათ: ღილი თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს, თუ მიკერებისას მასში ძაფს ჯვარედინად გაუყრით; მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის – ნახვრეტებში ძაფი კვადრატისებურად გაატარეთ; სიმდიდრეს – Z-ის ფორმის გვირისტი მოგიტანთ, ხოლო მეგობრობის გასაძლიერებლად ძაფი „ტოლობის“ ნიშნად დასვით. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღილმა თილისმის ფუნქცია რომ შეასრულოს, ბუნებრივი – ხის ან ტყავისა უნდა იყოს. შემდეგ შეარჩიეთ ღილის ფერიც: წითელი პასუხისმგებელია ვნებასა და სიყვარულზე; მწვანე – სიმდიდრე და ფულია; თეთრი – სასიკეთო ცვლილებებს მოასწავებს; ლურჯი – ბიზნესში წარმატება და მოულოდნელი ფინანსური შემოსავალია; ყავისფერი – ახალი, საინტერესო ნაცნობობაა; შავი ღილების თილისმად გამოყენება კი, საერთოდ არ შეიძლება. სამოსს თილისმა-ღილი სავსემთვარეობისას უნდა მიაკეროთ – მაგიურ ძალას უფრო სწრაფად გამოავლენს – თან იმაზე, იფიქრეთ, რა ძალის შეტანა გსურთ მასში. ღილს თილისმის ძალა სამოსის შიდა მხრიდან მიკერებისას აქვს, როცა სხვისთვის უხილავია. თან, შეგიძლიათ, ნებისმიერი სურვილი ჩაიფიქროთ, აუცილებლად ახდება. ქმარს რომ ყოველთვის უყვარდეთ და თავგადასავლები სხვაგან არ ეძებოს, მისგან შეუმჩნევლად პერანგზე წითელი (სასურველია, ოთხნახვრეტიანი) ღილი მიაკერეთ – თქვენი სიყვარული ხანგრძლივი და ერთგული იქნება. ასეთივე ღილს თუ თქვენც მიიკერებთ ტანსაცმელზე, ერთმანეთს არასდროს დაშორდებით. შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ იმისთვის, ვინც მოგწონთ. ის შეგიყვარდებათ, თუ პერანგზე მალულად დააკერებთ ღილს. თუ ღილი-თილისმა სამოსს მოწყდა, არა უშავს, გამდინარე წყალში ჩააგდეთ და ახალი ამულეტი მოიძიეთ. ასევე, მნიშვნელოვანია ნაპოვნი ღილის ფორმაც – სამკუთხა ღილი ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ახალი ნაცნობების შეძენას გირჩევთ. ლამაზი, უჩვეულო ფორმის ღილი კომპლექსებისგან გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. მრგვალი ღილი თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე მიგითითებთ და გირჩევთ, თვითშეფასების გაუმჯობესებაზე იმუშაოთ. ასევე, მნიშვნელოვანია კვირის რომელ დღეს იპოვეთ ღილი – ორშაბათს ნაპოვნი ბიზნესში მოგიტანთ წარმატებას; ოთხშაბათს – გაფრთხილებთ საყვარელ ადამიანთან შესაძლო ჩხუბის შესახებ; პარასკევს – პირად ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებზე მიგანიშნებთ; კვირას – ძველ მეგობართან ან ახალ საინტერესო ნაცნობთან შეხვედრას გპირდებათ. ასევე, ღილის თვის პირველ კვირაში პოვნა – კარიერული წინსვლაა; მეორეში – სტაბილური და მშვიდი ცხოვრება; მესამეში – ცვლილებები პირად ურთიერთობებში; ხოლო ბოლო კვირაში – გაფრთხილებაა დაუფიქრებელი ხარჯის შესახებ. წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ