ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სულში სიცარიელეს გრძნობს, ამქვეყნად მოსვლის აზრს ეძებს, გამოსავალს კი ვერ პოულობს და სასოწარკვეთილია, იტანჯება… ამ დროს, სულ მარტივი რიტუალის საშუალებით, შეგიძლიათ გამოასწოროთ სიტუაცია – უბრალოდ, დაანთეთ სანთელი. თუ როგორია ეს რიტუალი, რა დაგჭირდებათ მის ჩასატარებლად და რა ეფექტი და შედეგი შეიძლება, მიიღოთ ამ ყველაფრისგან, გვესაუბრება ეზოტერიკოსი ქალბატონი იზა დ.
– რა უნდა მოვამზადოთ რიტუალისთვის?
– მხოლოდ პატარა ზომის, უბრალო თეთრი სანთელი – ნახატების, რაიმე სურნელისა და დამატებითი საგნების გარეშე… როგორც წესი, უმრავლესობას ამ დროს ებადება კითხვა: „საეკლესიო სანთლები არ გამოდგება?” – გიპასუხებთ, რომ – არა! რადგან ამ რიტუალისთვის მხოლოდ ისეთი სანთელი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც დამატებით, რაიმე სხვა მნიშვნელობა არ აქვს. არჩეულ სანთელს თავად მიანიჭებთ მნიშვნელობას და საკუთარი აზრებით დატვირთავთ. იპოვეთ იზოლირებული ადგილი, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენას შეძლებთ, რომ ყურადღება არავინ გაგიფანტოთ. სანამ აანთებთ, კარგად დააკვირდით სანთელს. ერთი შეხედვით, არაფრითაა გამორჩეული, არა? – ცვილის გარსი და წვრილი ფითილი. მაგრამ სწორედ ეს ფითილია მას სანთლად რომ აქცევს. ისევე, როგორც სული აყალიბებს ნამდვილ ადამიანს ორგანული ნაჭუჭისგან. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩაივლის თქვენს სიახლოვეს. მათი უმეტესობა თქვენთვის მხოლოდ ნაცრისფერი მასა, რაღაც უცნაური სუბსტანციაა, ისევე როგორც თავად ხართ მისთვის. მაგრამ, როგორც კი დაელაპარაკებით და საუბარს გაუბამთ, უკვე მის სულსაც შეამჩნევთ. და ეს იკითხება ამ ადამიანის თვალებში, ლაპარაკში, იგრძნობა მისგან მომდინარე ენერგიით. ხომ გასაგებია? ახლა კი აანთეთ სანთელი და რომ დაინახავთ, ცვილი როგორ იწყებს დნობას, მიხვდებით, რომ ანალოგიურად მიდის თქვენი ცხოვრებაც – ნელ-ნელა იშრიტება, გშორდებათ… და ეს ხდება ყოველდღე, წამი-წამზე… მაგრამ სწორედ ეს დნობა გამოსცემს სითბოსა და სინათლეს. სწორედ ეს ანიჭებს ამ გაუგებარ, უსიცოცხლო სუბსტანციას აზრსა და მოქმედების უნარს. ამით სანთელი ასრულებს თავის დანიშნულებას… და შენც, ცოცხალი ადამიანი, ცხოვრების განმავლობაში, თანდათან ბერდები, ავადდები, უკვალოდ ქრები. მაგრამ, თუ სხვა ადამიანებს გადასცემ საკუთარ სინათლესა და სითბოს, მაშინ ცხოვრება უდიდეს აზრს იძენს, რაც ნიშნავს, რომ არცერთ შენს ქმედებას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
– ანუ, ცხოვრებას აზრი აქვს…
– და ყოველი თქვენი მოქმედება – თავად თქვენვე ხართ! თუ შენი წვლილი არ შეგაქვს ამ სამყაროში და მხოლოდ მოიხმარ მას, ხდები უსიცოცხლო ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმიდან: ყალბი, იმიტაცია, „ფეიკი“. სიჩუმეში განმარტოვდით სანთელთან ერთად და დააკვირდით მის ალს. ნახეთ როგორ დნება ცვილი და დაფიქრდით: რას გრძნობთ ამ დროს? რა უფრო დასანანია თქვენთვის? წუხილი ცვილის გამო თუ სინათლით გასხივოსნებული სიხარული? შეგიძლიათ, თქვენი ეს აზრობრივი ჭიდილი აღწეროთ ფურცელზე. ეს არის სწორედ საკუთარ თავთან გულწრფელობისა და გულახდილობის წუთები, როცა შენ შენივე სული გელაპარაკება! ჩააქრეთ სანთელი. შეხედეთ, რა დაემართა მას. ყურადღება მიაქციეთ ცვილის ნაღვენთის დახრილობას, წახნაგს, ხორკლსა თუ ნამტვრევს… ეს სწორედ ის არის, რასაც თითოეული ჩვენგანი წარმოვადგენთ. ცხოვრება უკვალოდ არავისთვის ჩაივლის. ის სულში ტოვებს იარებს ან, პირიქით, უცნაურ ნაქარგებს იმ მომენტებისა, როცა განსაკუთრებით ბედნიერი იყავით. სწორედ ეს „ოღროჩოღროა“, თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალობას რომ ანიჭებს.
– მხოლოდ წვის პროცესი განარჩევს ადამიანებს ერთმანეთისგან?
– დიახ და შეიძლება ამის მაგალითიც განვიხილოთ: ქარხანაში მილიონი იდენტური სანთელი აწარმოვეს, ყველა ერთნაირია – ჩვეულებრივი და ყურადღებას არ იპყრობს. მაგრამ, როცა ჩაიწვება, თითოეული მათგანი თავისი ისტორიით ცალკეულ ერთეულად იქცევა, საბოლოო ჯამში კი, შედეგი ასეთია: ერთი სანთელი დარჩა ხელუხლებელი, მაგრამ თაროზე შემოდებულს მხოლოდ მტვერი დაედო; მეორე – მოწმე გახდა ყველაზე სასიხარულო მოვლენებისა, ხოლო მესამემ მწუხარების ჟამს იმედი გააჩინა… ახლა ისევ რიტუალს დავუბრუნდეთ. ხელახლა აანთეთ იგივე სანთელი და ნახეთ, იმის მიუხედავად, რომ უკვე იწვოდა და საკმაოდ დაზიანებულიცაა, შეუძლია კვლავ გაანათოს! ანალოგიურად, თქვენც, მიუხედავად ყველა გასაჭირისა და ბედის სიმუხთლისა, კვლავ შეძლებთ, აანთოთ სანთელი თქვენს სულში და ნათელი მოჰფინოთ იქაურობას – სითბო და სიხარული აჩუქოთ სხვებს და სიყვარული შთაბეროთ სიცოცხლეს დედამიწაზე. დააცადეთ, სანთელი ბოლომდე დაიწვას. დახუჭეთ თვალები – ამ დროს ცეცხლს ვერ ხედავთ, ისევე, როგორც ბევრი ვერ ამჩნევს თქვენს კეთილ საქმეებს, ვერ ხედავს, რომ ძალისხმევას არ იშურებთ ცხოვრების შესაცვლელად. სანთელი კი კვლავ იწვის. იწვის, იმის მიუხედავად, ვინმე ხედავს ამას თუ არა. ის ასრულებს თავის სასიცოცხლო დანიშნულებას ისევე, როგორც თქვენ გადიხართ მთელ თქვენს ცხოვრებას. წყარო