ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსახეები და მიზეზები - შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შე­უკა­ვებ­ლობის ყველაზე ხშირი მიზეზია

სახეები და მიზეზები – შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შე­უკა­ვებ­ლობის ყველაზე ხშირი მიზეზია

სახეები და მიზეზები
შარდის შეუკავებლობა ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: დროებითი (გარდამავალი) და ხანგრძლივი (ჩამოყალიბებული), რომელსაც რაიმე გრძელვადიანი პრობლემა იწვევს.
შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შე­უკა­ვებ­ლობის ყველაზე ხშირი მიზეზია. სხვა, გამოსწორებად მიზეზებს მიეკუთვნება: ცნობიერების მოშლა (მაგა­ლი­თად, მძიმე ინფექციის, ფილტვების ანთების გამო), მოძ­რაობის უნარის დარღვევა (მაგალითად, ფეხის ან თეძოს ძვლის მოტეხილობის გამო), ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმლის ჭარბი მიღება, შარდის ბუშტის ან შარდსადენის გამაღიზიანებელი მდგომარეობები (ატროფიული ვაგინიტი), მძიმე შეკრულობა.
ჩამოყალიბებული შეუკავებლობა შეიძლება თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებით იყოს გამოწვეული, მაგ. ინსულტის, ალცჰაიმერის დაავადების ან მრავლობითი ­სკლეროზის შედეგად. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ნერვების დაზიანება, საშარდე გზების ქვედა ნაწილის დაავადებები (გადიდებული წინამდება­რე ჯირკვალი) და მდგომარეობები, რომლე­ბიც გამო­უს­წორებლად არღვევენ გონებრივ ფუ­ნ­­ქციებს ან მოძრა­ობის უნარს.
შარდის შეუკავებლობა სიმპტომების გამოვლენის მიხედვით ხუთ სახედ იყოფა:
მოშარდვის დაუძლეველი სურვილი;
დაძაბვა;
გადავსება;
ფუნქციური;
შერეული.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილი: ამ დროს ამ სურვილის გაჩენას, როგორც წესი, უნე­ბ­ლიე შარდვა მოჰყვება. ადამიანებს ძალიან ცოტა დრო აქვთ საჭირო ოთახამდე მისასწრებად. მოძრაობაში ხელის შემშლელი დაავადების ან ტრავმის დროს, მათთვის კიდევ უფრო ძნელია, მოასწრონ ტუალეტში შესვლა. შარდმდენების მიღებამ შეიძლება უფრო გაართულოს პრობ­ლემა.
ეს ტიპი ჩამოყალიბებული შეუკავებლობის ყველაზე ხშირი სახეა და მოხუცებში ხშირად მიზეზის დადგენა ძნელია. ხანში შესულთა უმრავლესობაში შარდის ბუშტის კუნთები ზედმეტად აქტიურია (ისინი ბუშტის ავსებამდე იკუმშებიან უნებლიეთ). ამ პრობლემის მუდმივად არსებობის მიზეზი შეიძლება ტვინში, მოშარდვის დამთრგუნველ შუბლის წილში განვითარებული ცვლილებები იყოს. ისინი აქვეითებენ ნერვული სისტემის უნარს, შეაკავოს შარდის ბუშტი. ცვლილებები შეიძლება ტვინის დაავადებებმა, განსაკუთრებით კი ინსულტმა და დემენციამ გამოიწვიოს. შარდის ბუშტის ქრონიკული მოჭარბებული აქტივობა – ე.წ. ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი – ხშირია მოხუცებში და იწვევს როგორც ამ ტიპის შეუკავებლობას, ასევე ხშირ შარდვას დღისითა და ღამით. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა ატროფიულ ვაგინიტს იწვევს (საშოს ქსოვილის გათხე­ლება), რაც აღიზიანებს საშარდე გზებს და შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი მოშარდვის დაუძლეველ სურვილსა და შეუკავებლობას.
დაძაბვა: შარდის მცირე ულუფები უკონტროლოდ, უნებლიეთ გამოიყოფა ხველების, გაჭინთვის, ცემინების, სიმძიმის აწევის ან რაიმე მოქმედების დროს, რაც მუცლის ღრუში წნევას ზრდის. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში შეუკავებლობის ეს სახე ყველაზე ხშირია. იგი შეიძლება საშარდე სფინქტერის სისუსტით იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ მშობიარობის და მენჯის ღრუზე ოპერაციის შემდეგ, შარდსადენის ან საშვილოსნოს უჩვეულო მდებარეობის გამო ვითარდება. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა შარდსადენის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს შარდის ნაკადის მიმართ. მამაკაცებში დაძაბვის შეუკავებლობა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ განვითარდეს, თუ შარდსადენის ზედა ნაწილი ან შარდის ბუშტის ყელი დაზიანდა. ორივე სქესში სიმსუქნემ შეიძლება თავად გამოიწვიოს ან გააღრმაოს დაძაბვის შეუკავებლობა, რადგან ამ დროს ზედმეტი წონა აწვება შარ­დის ბუშტს.
ზოგ ადამიანს ეს პრობლემა ძალიან მძიმე ფორმით აქვს და შარდი თითქმის ყოველთვის უნებლიეთ გამოიყოფა (სრული შეუკავებლობა). მოზრდილებში ეს, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იხურება.
გადავსება: ამ დროს შარდის მცირე ულუფები უნებლიეთ გამოიყოფა შარდის ბუშტიდან, რომელიც ბოლომდე კარგად ვერ იცლება. ამას, როგორც წესი, საშარდე გზების დახშობა, შარდის ბუშტის შემკუმშავი კუნთების სისუსტე ან მისი ნერვების დაზიანება იწვევს. როცა შარდის გადინება ფერხდება და შარდის ბუშტის კუნთებს უფრო ძლიერად შეკუმშვა აღარ შეუძლიათ, ბუშტი ივსება და ზომაში იზრდება. წნევა მასში იქამდე იმატებს, სანამ შარდის მცირე რაოდენობა არ გაიჟონება გარეთ
მამაკაცებში გადიდებულმა წინამდებარე ჯირკვალმა შეიძლება შარდის ბუშტის შარდსადენთან დამაკავშირებელი ნაწილი დაახშოს. უფრო იშვიათად ამას შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის შევიწროება (სტრიქტურა) იწვევს, წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის ან მისი კიბოს დროს სხივური თერაპიის შემდეგ. ორივე სქესში შარდის ბუშტის გადავსება და შეუკავებლობა შეკრულობამაც შეიძლება გამოიწვიოს, თუკი განავლოვანი მასები იმდენად ავსებს სწორ ნაწლავს, რომ შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენს აწვება. თავისა და ზურგის ტვინის ფუნქციონირებაზე, ნერვული იმპულსების გადაცემაზე მრავალი წამალი მოქმედებს, მათ შორის ანტიქოლინერგული საშუალებები (ბენზტროპინი, ანტიჰისტამინური საშუალებების უმ­რავ­ლესობა, ზოგი ანტიდეპრესანტი, ზოგი ან­ტი­­ფსი­ქოზური მედიკამენტი). მათ შეუძლიათ შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარი დააქვეითონ და გადავსების გამო შეუკავებლობა გამოიწ­ვი­ონ. მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ნერვების დაზიანების გამო მისი დამბლაც (ნეიროგენული შარდის ბუშტი). ამ დაავადების ერთ-ერთ სახეს შაქრიანი დიაბეტიც იწვევს.
ფუნქციური შეუკავებლობა: ფუნქციური შე­­უ­კა­ვე­ბლობა მაშინ ვითარდება, როცა შარდი უნებლიეთ გამოიყოფა საჭირო ოთახის არ გა­მო­ყენების გამო, როცა ადამიანს არ შეუძლია (ან ზოგ­ჯერ არ უნდა) ეს. ყველაზე ხშირი მიზეზია მოძ­რაობის უუნარობის გამომწვევი დაავადებები, ინსულტი ან მძიმე ართრიტი და ასევე, გონებრივი ფუნქციების დაქვეითება, მაგალი­თად, დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს. იშვიათ შემთხვევაში ადამიანებს იმდენად მძიმე დეპრესია ან ემოციური ფონის დარღვევა აქვთ, რომ ისინი არ იყენებენ საჭირო ოთახს. ამას ზოგჯერ ფსიქოგენური შეუკავებლობა ეწოდება.
შერეული შეუკავებლობა: ზოგჯერ შეუკავებლობა შერეული მიზეზებითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად იგი მოხუც ქალბატონებში გვხვდება, რომელთაც ერთდროულად აქვთ მოშარდვის დაუძლეველი სურვილითა და დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობა. აგრეთვე, ზოგჯერ ხანში შესულ ადამიანებში შეუკავებლობის ორი ტიპი არსებობს ერთად: დაუძლეველი სურვილისა და ფუნქციური.
დიაგნოსტიკა
ექიმი გასინჯვისას, როგორც წესი, ინტერესდება, შარდის შეუკავებლობის პრობლემა არის თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ადამიანმა უნდა წამოჭრას ეს საკითხი. ექიმი შემდეგ რამდენიმე შეკითხვას დასვამს ამ მდგომარეობაზე მეტის გასაგებად. იგი იკითხავს, რამდენად ახდენს შეუკავებლობა გავლენას ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე, ჩვეულ საქმიანობებზე, რამდენი ხანია, რაც ეს პრობლემა არსებობს. ექიმმა შეიძლება სთხოვოს ადამიანს, 3 დღის მანძილზე ე.წ. შარდის ბუშტის დღიური აწარმოოს, ჩაინიშნოს როდის და როგორ მოხდა მოშარდვა. ეს ინფორმაცია შესაძლოა გა­მოსადეგი იყოს მიზეზის დასადგენად. ასევე მნიშვნელოვანია:
რა სიმპტომები ახლავს თან შეუკავებლობას? მაგალითად, არის თუ არა ამ დროს მოშარ­დვის უეცრად გაჩენილი და დაუძლეველი სუ­რ­ვილი? მისი გაჩენიდან დაახლოებით რამდენ ხანში ვითარდება უნებლიე შარდვა?
შეუკავებლობა სიცილის, ხველის, ცემინების ან წელში მოხრის დროს ხომ არ ვითარდება?
უნებლიე მოშარდვის შემდეგ ქვედა საცვალი ნოტიოა თუ სველი? ამის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რა მოცულობის შარდი გამოიყოფა.
ამჩნევს თუ არა ადამიანი კავშირს უნებლიე შარდვასა და რაიმე მედიკამენტის, ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი სასმლის მიღებას შორის? საკვების ან სასმლის, წამლების მი­ღე­ბისა და ძილის დროის დადგენა ეხმარება ექიმს, მიხვდეს, მოშარდვა რომელიმე მათგანთან ხომ არ არის დაკავშირებული.
დღეში დაახლოებით რამდენჯერ შარდავს ადამიანი და რამდენჯერ ვითარდება შეუკავებლობა ღამის განმავლობაში? თუკი შარდვა ღამით გახშირებულია, მაგრამ სიფხიზლის დროს ნაკლებია, მიზეზი შეიძლება ძილის დარღვევა იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანები იმიტომ შარდავენ, რომ ღვიძავთ და არა იმიტომ, რომ მოშარდვის სურვილი აღვიძებთ.
პრობლემის მიზეზის მისაგნებად გასინჯვაც მნიშვნელოვანია. სწორი ნაწლავიდან გასინჯვით შეიძლება დადგინდეს ადამიანს მძიმე შეკრულობა ხომ არა აქვს, შარდის ბუშტის ნერვები ხომ არაა დაზიანებული ან მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვალი გადიდებული. ქალებში გინეკოლოგიური გამოკვლევით შესაძლებელია შეუკავებლობის გამომწვევი დაავადების დადგენა, მაგალითად, შარდსადენის ამომფენი გარსის ატროფიის, შარდის ბუშტის დაწევის (ცისტოცელე) და მისი ნერვების დაზიანების გამოვლენა. გასინჯვით ასევე დგინდება, მოძრაობის უნარის ან გონებრივი ფუნქციების დარღვევა ხომ არ არის შეუკავებლობის გამომწვევი.
დაძაბვის შეუკავებლობის დიაგნოზი ხშირად ჩახვე­ლების ან გაჭინთვის დროს ადამიანზე დაკვირვე­ბით ის­­მება – ხომ არ ხდება უნებლიე შარდვა. ულტრასო­ნო­გრაფიული კვლევის საშუალებით შეიძლება დადგინდეს მოშარდვის მერე შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობა (ნარჩენი შარდი). ეს ბუშტში სპეციალური მილის, კათეტერის შეყვანითაც არის შესაძლებელი. დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდი საშარდე გზების დახშობის, შარდის ბუშტის ნე­რვების ან კუნთების პრობლემის მაჩვენებელია, რაც გადავსებასა და შეუკავებლობას იწ­ვევს. ინ­ფექციის დასადგენად შარდის ანალიზი კეთდება.
ექიმმა შესაძლოა სისხლისა და შარდის ანა­­ლი­­­ზები დანიშნოს თირკმლის ფუნქციის დარ­ღვე­ვის ან საშარდე გზების ინფექციის აღმოსაჩენად. კვლევის ერთ-ერთი სახეა მოშარდვის შემდგომ შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობის განსაზღვრა, რაც ულტრასო­ნოგრაფიულად ან კათეტერის საშუალებით ხდე­ბა. ზოგჯერ სპეციფიკური კვლევებიც ინიშ­ნ­ება: უროდინამიკის შეფასება თავად მოშარ­დვის პროცესში ან ცისტოსკოპია. უროდინამიკური კვლევებით იზომება შარდის ბუშტში არსებული წნევა მის დაცლილ მდგომარეობაში და ავსებისას. შარდსადენის გავლით ბუშტში ჩადგმულ კათეტერში წყალი შეჰყავთ და პროცედურის განმავლობაში წნევას ზომავენ. ნორმაში, შარდის ბუშტში წნევა მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა იგი საკმაოდ ივსება. ზოგ ადამიანში წნევა ბიძგისებურად, სპაზმების გამო იმატებს ან ძალიან მკვეთრად იზრდება შარდის ბუშტის გავსებამდეც. ამ ცვლი­ლებების დადგენა ეხმარება ექიმებს, შეუკავებლობის სახე და მკურნალობის საუკეთესო მეთოდი განსაზღვრონ. სპე­ცი­ალური კვლევებით შეიძლება შარდის დი­ნების სიჩქარეც გაიზომოს. ამის საშუალებით დგინდება, სადმე მისი ნაკადის შეფერხება ხომ არ არის ან შარდის ბუშტის კუნთებს ხომ შეუძლიათ საკმარისად ძლიერად შეიკუმშონ, რათა შარდი გამოიყოს სხე­ულიდან. დამატებით, ფასდება საშარდე სფინ­ქტერის კუნთის ფუნქციონირება (მას ევალება, შარდი ბუშტში მოშარდვამდე შეაკავოს). სფინქტერის სისუსტემ შეიძლება გამოიწვიოს შეუკავებლობა ან დაამძიმოს იგი. ცისტოსკოპიის დროს ექიმს დრეკადი, კამერიანი მილი შეჰყავს შარდის ბუშტში და ათვალიერებს მას (კოლონოსკოპიის მსგავსად). ამ დროს შეიძლება დადგინდეს ისეთი პათოლოგიის არსებობა, რომელიც შეუკავებლობასა და მის სიმპტომებს უკავშირდება.
მკურნალობა
მკურნალობა შეუკავებლობის სახესა და მი­ზეზ­ზეა დამოკიდებული. უმრავლესობაში პრობლემა განკურნებადია ან შესაძლებელია მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
აუცილებელია პაციენტების ინფორმირება შარდის ბუშტის ფუნქციონირების, მედიკამენტებისა და სითხეების მიღების ეფექტის, მოშარდვისა და კუჭის მოქმედების რეჟიმის შესახებ. შეკრულობის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაწლავთა გადავსება უფრო აღიზიანებს შარდის ბუშტს. მკურნალობა ხშირად საკმაოდ მარტივ ნაბიჯებს მოიცავს, მაგალითად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ მოშარდვას (ე.წ. რეგულარული შარდვა), რათა შა­რ­დის ბუშტი მუდმივად მეტ-ნაკლებად ცარიელი იყოს. შეიძლება კარგი ეფექტი ჰქონდეს მისი გამაღიზიანებელი სასმელების მიღების შეზღუ­დვასაც, მაგ. კოფეინის შემცველების. დღის გან­მავლობაში საჭიროა საკმარისი რაოდენობის სითხის დალევა (ადამიანთა უმრავლესობა­ში 6-8 ცალი 250 მლ-იანი ჭიქა), რათა შარდი მეტისმეტად კონცენტრირებული არ გახდეს, რაც გააღიზიანებს ბუშტს. შარდის ბუშტის ფუნქციონირებაზე უარყოფითი ეფექტის მქონე მედიკამენტები ხშირად შეიძლება მოიხსნას. ასევე, მათთვის, ვინც შარდმდენებს იღებს, მედიკამენტის დალევის დრო შეიძლება შეიცვალოს, რათა წამლის ეფექტის გამოვლენისას ადამიანი საჭი­რო ოთახთან ახლოს იყოს.
შეუკავებლობისთვის სპეციალურად შექმნი­ლი სა­ფე­ნე­ბისა და საცვლების გამოყენებით, ადა­მი­ანებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ კანის გა­ღი­ზიანება, შეინარჩუნონ სიმშრალე, კომფო­რტი და მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს. ისინი შეუმჩნეველი და იოლად ხელმისაწვდომია.
საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ვარჯიშები, მათ შორის მენჯის კუნთების (იხ. კეგელის ვარჯიში), განსაკუთრებით დაუძლეველი სურვილისა და დაძაბვის შეუკავებლობის დროს. სავარჯიშოები მოიცავს კუნთების დღეში მრავალჯერ შეკუმშვას, რათა ისინი გაძლიერდეს და საჭირო სიტუაციაში ადამიანმა შარდის შეკავება შეძლოს, მაგალითად ხველისას. მათ სწორად შესრულებას ექთანები ან სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები ასწავლიან. მათ, ვისაც სავარჯიშოების სწავლა უჭირს, შესაძლოა ბიოუკუკავშირის მეთოდი დაეხმაროს. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთებთან ახლოს, ყითის გარეთ, დროებით ელექტროდები თავსდება. მათი მეშვეობით სიგნალები გადაეცემა კუნთებს და კუმშავს მათ. შედეგად, ადამიანები უკეთ ხვდებიან, რომელი კუნთები უნდა შეკუმშონ შარდის შესაკავებლად.
შეუკავებლობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ შე­იძლება მედიკამენტების გამოყენებაც. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მედიკამენტი, მაგალითად, ალფა-ადრენერგული აგონისტები, ალფა-ადრე­ნერგული ბლოკერები და ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე წამლები შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდაც იხმარება. ექიმი წამალს შეუკავებლობის სახისა და ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომების მიხედვით არჩევს. ასე მაგა­ლითად:
ალფა-ადრენერგული აგონისტები კუმშავენ შარდის ბუშტის სფინქტერს, რაც ეფექტურია დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობის დროს, რომელიც სფინქტერის სისუსტით არის გამოწვეული.
ალფა-ადრენერგული ბლოკერები, პირიქით, ადუნებენ სფინქტერს. ეს შეიძლება ეფექტური იყოს მამაკა­ცებ­ში, რომელთაც წინამდებარე ჯირკვალი აქვთ გადიდებული.
ანტიქოლინერგული საშუალებები შარდის ბუშტის შეკუმშვას ამცირებენ, რაც მოშარდვის დაუძლე­ველ სურვილს ასუსტებს და გამოსადეგია ამ სახის შეუკავებლობისთვის.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილით გამოწ­ვე­­ული შეუკავებლობის დროს შეიძლება ეფე­ქტური იყოს შარდვა რეგულარული ინტერვალებით (შარდვა გრა­­ფი­კით), მოშარდვის სურვილის გაჩენამდე. მენჯის კუ­ნ­­­თ­ე­ბის კეგელის სავარჯიშოები აძლიერებს შარდის ბუ­­შ­ტის კუ­ნ­თებს და უნებლიე შარდვის კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე ხშირად მედი­კა­­მენტებიდან ბუშტის მომადუნებელი საშუალებები ინი­­­­შნება, მაგალითად, ანტიქოლინერგული წამლები, კე­­­­რ­ძოდ, ტოლტეროდინი და ოქსიბუტინინი. ორივე მათ­გა­­ნის მიღება დღეში ერთხელ შეიძლება. ასევე არსებობს ოქსიბუტინინის კანზე დასაკრავი ფირფიტები, რომლე­ბიც კვირაში ორჯერ იცვლება. მედიკამენტის შეყვანა ზოგ­ჯერ პირდაპირ შარდის ბუშტშიც ხდება. ამ ჯგუფის უფრო ახალი წარმომადგენლებია: სოლიფენაცინი, დარიფენაცინი და ტროსპიუმი. ზედმეტად აქტიური შა­რდის ბუშტის კუნთების მოსადუნებლად, პირდაპირ მასში შეიძლება შეიყვანონ ბოტულიზმის ტოქსინი, რომელიც კუნთების დამბლას იწვევს. მკურნალობის ეს ხე­რხი ძალზე ახალია იმისთვის, რომ სტანდარტულად ინიშნებოდეს. თუმცა, როგორც სადღეისოდ არსებული შედეგები აჩვენებს, იგი 6-9 თვის მანძილზეა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მედიკამენტს შეუძლია შარდის ბუშტის გაღიზიანებადობის შემცირება და მოშარდვის ძლიერი სურვილის დაქვეითება, მათ შეიძლება გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეთ: პირის სიმშრალე, შეკრულობა, გასტროეზოფაგური რეფ­ლუქსი და შარდის შეკავებაც კი.
დაძაბულობით გამოწვეული შეუკავებლობის დროს ეფექტურია ხოლმე ხშირი შარდვა, რათა შარდის ბუშტი არ გაივსოს და მენჯის კუნთების (კეგელის) ვარჯიში. დაძაბულობით განპირობებული შეუკავებლობის მქონე ქალებში, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობის გამო შარდსადენის ამომფენი გარსის გათხელება აქვთ, ექიმმა შეიძლება ესტროგენი დანიშნოს კრემის, საშოში შესაყვანი რეზინის რგოლის ან აბების სახით. ამ მკურნალობის უარყოფითი და დადებითი მხარეები დეტალურად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, საშოს კრემის, რგოლის ან აბის გამოყენებას არა აქვს იმდენი გვერდითი ეფექტი, რამდენიც ესტროგენის დალევას. სფინქტერის გამამაგრებელი სხვა საშუალებებიდან აღსანიშნავია ფსევდოეფედრინი და დულოქსეტინი. შეიძლება სპეციალური საფენების გამოყენებაც, რომელიც იწოვს დაძაბვის შეუკავებლობის დროს გამოყოფილი შარდის მცირე რაოდენობას.
შეუკავებლობის სხვა, უფრო მძიმე სახეები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება ქი­რურგიული გზით გამოსწორდეს. არსებობს რამდენიმე პროცედურა, რომლითაც ექიმებს შეუძლიათ შარდსადენის გარშემო არსებული ქსოვილები შეამჭიდროვონ. ზოგ ადამიანში ეფექტურია შარდსადენის გარშემო კოლაგენის შეყვანა, რომელიც მოცულობით მასას წარმოქმნის. თუკი საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იკეტება, მისი ჩანაცვლება ხელოვნურით შეიძლება.
გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ან სხვა მი­ზე­ზის გამო შარდის ბუშტის გადავსებით გა­მო­წვეული შეუკავებლობის სამკურნალოდ, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევაა საჭი­რო. წინამდებარე ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამო­სა­კ­ვე­თად რამ­დენიმე მეთოდი არსებობს. თვე­ების განმავლობაში დუტასტერიდის და ფი­ნას­­ტე­რი­დის მი­ღება წინამდებარე ჯირკვალს ზომაში ამ­ცი­რებს ან აჩერებს მის ზრდას. შესაბამისად, ოპე­რაცია შეიძლება გადაიდოს ან სულ აღარ გახ­დეს საჭირო. ჯირკვლის მომადუნებელი საშუალებები – ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტერაზოზინი და ტამსულოზინი, შარდის ბუშტს უფრო კარგად დაცლაში ეხმარება.
როცა შარდის ბუშტის გადავსება ბუშტის კუნთების სუსტი შეკუმშვითაა გამოწვეული, მედიკამენტები ხშირად ეფექტური არ არის. მუცლის ქვედა ნაწილზე, შარდის ბუშტის მიდამოში ხელებით მსუბუქად ზეწოლით იგი უფრო კარგად იცლება, განსაკუთრებით თუ პრობლემა მისი ბოლომდე დაცლაა. ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ბუშტში კათეტერის ჩაყენება, რათა ნარჩენი შარდი გა­­მო­იღონ და გართულებები თავიდან აიცილონ (მაგალითად, განმეორებითი ინფექციები ან თირკმლის დაზიანება). კათეტერი შეიძლება ხანგრძლივად ჩაიდგას, ან დღეში რამდენჯერმე ჩადგან და ამოიღონ (ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია).
ფუნქციური შეუკავებლობის დროს მკურნალობა მოიცავს დახმარებას საჭირო ოთახის რეგულარულ გამოყენებაში. მაგალითად, პრო­ბ­ლემის მქონე ადამიანს შეიძლება სხვამ შეახსენოს მოშარდვა, როგორც წესი, 3-4 საათში ერ­თხელ, რათა შარდის ბუშტი უნებლიე შარდვის გან­ვითარებამდე დაიცალოს. საჭირო ოთახამდე გა­და­ად­გილების გაძნელებისას შეიძლება სპე­ციალური ჭუ­­რ­ჭლის ან სკამის გამოყენება. თუ­კი გამომწვევი მი­ზე­ზი დეპრესიაა, საჭიროა მისი მკურნალობა. შეიძლება სპეციალური საცვლებისა და საფენების გამოყენებაც, მაგრამ ადამიანი მათზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
“ნეგატივი არ მიყვარს, ყოველთვის სიყვარულს ვასხივებ…- ნუცა ბუზალაძე

“ნეგატივი არ მიყვარს, ყოველთვის სიყვარულს ვასხივებ…- ნუცა ბუზალაძე

16 აპრილი 2024
თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

16 აპრილი 2024
„როცა მე და თამუნას შეგვიყვარდა ერთმანეთი, ოჯახში არეული მქონდა საქმე…“ – ალეკო მახარობლიშვილის პირადი

„როცა მე და თამუნას შეგვიყვარდა ერთმანეთი, ოჯახში არეული მქონდა საქმე…“ – ალეკო მახარობლიშვილის პირადი

16 აპრილი 2024
ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს

ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს

აპრილი 16, 2024
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულები უცხოეთშიც იმკურნალებენ

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულები უცხოეთშიც იმკურნალებენ

აპრილი 16, 2024
რობოტით დამხმარე ქირურგიის უპირატესობები

რობოტით დამხმარე ქირურგიის უპირატესობები

აპრილი 16, 2024
“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

აპრილი 16, 2024
რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

აპრილი 16, 2024
ფრანგი ფერმწერი  კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

ფრანგი ფერმწერი კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

აპრილი 15, 2024
მარნეულელი არმენ ჰოვანესიანის თოჯინებით შექმნილი ზღაპრული ცხოვრება…

მარნეულელი არმენ ჰოვანესიანის თოჯინებით შექმნილი ზღაპრული ცხოვრება…

აპრილი 16, 2024
აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე

აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე

აპრილი 16, 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
“მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ”

“მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი… ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ”

16 აპრილი 2024
“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

16 აპრილი 2024
“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…

“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…

16 აპრილი 2024
დღეს ამ უნიკალურ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროა – ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი თბილისში

დღეს ამ უნიკალურ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროა – ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი თბილისში

აპრილი 16, 2024
ღების ხევი ორმოცდაათი საუკუნის ისტორიას ითვლის

ღების ხევი ორმოცდაათი საუკუნის ისტორიას ითვლის

აპრილი 16, 2024
აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე

აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე

აპრილი 16, 2024
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხილისა და ბოსტნეულის შეძენისას

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხილისა და ბოსტნეულის შეძენისას

აპრილი 16, 2024
როგორ შევინახოთ წიწაკა და ბულგარული წიწაკა

როგორ შევინახოთ წიწაკა და ბულგარული წიწაკა

აპრილი 16, 2024
რა უნდა იცოდეთ ალადასტურის შესახებ

რა უნდა იცოდეთ ალადასტურის შესახებ

აპრილი 16, 2024
იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

აპრილი 16, 2024
სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

აპრილი 15, 2024
სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

აპრილი 15, 2024
მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

16 აპრილი 2024
Avenue Rapp ნამდვილი არქიტექტორული მარგალიტი პარიზში

Avenue Rapp ნამდვილი არქიტექტორული მარგალიტი პარიზში

16 აპრილი 2024
დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

15 აპრილი 2024

ბოლო სიახლეები