სახლის რომელი ნაწილიდან ჟონავს ენერგია და რატომ აძლიერებს ამ ნეგატიურ ეფექტს სარკე

0
126

ბინის მოწყობისას რომ მასში განთავსებული თითოეული ნივთი თუ აღჭურვილობა, სახლის აურისა და დადებით-უარყოფითი ენერგიის ბალანსზე აგებს პასუხს, ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ უნდა იყოს. ამ მხრივ საკმაოდ პოპულარულია ბინის მოწყობის ფენშუისებური მეთოდები, რომელიც სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულსა თუ ნივთების მასში განლაგებას ეხება, რის შესახებაც ჩვენს რუბრიკაშიც არაერთხელ ყოფილა საუბარი. ამჯერად ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა ს. აგვიხსნის, ფენ-შუის მიხედვით, სად და როგორ უნდა ეკიდოს სახლში სარკე – ყველაზე საკრალური ნივთი ოჯახში, რომ სიმშვიდე და კეთილგანწყობა არ მოგაკლდეთ.

– სად დავკიდოთ სარკე ფენ-შუის მიხედვით, რომ დაგვეხმაროს და არა – დაგვაზიანოსო, – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, სახლში ნებისმიერი ოთახის დაგეგმვისას რომ უჩნდება მეპატრონეს. ამიტომ, თავდაპირველად გავეცნოთ, რა ფუნქციას აკისრებს სარკეს ფენ-შუი: თითოეული ბინა შეიცავს ცხრა სექტორს, ანუ ცხრა ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას ცხოვრებაში: ჯანმრთელობა, ფული, სიყვარული, კარიერა (მისია) და ასე შემდეგ. არასტანდარტული დაგეგმვის გამო კი, ამ სექტორთაგან რომელიმე შეიძლება მთლიანად გაქრეს.

– რას გვირჩევს ამ დროს ფენ-შუი?

– სარკეა ამ დროს თქვენი დამმხმარე, რომ დაასრულოთ ის, რაც ბინას აკლია ან ამოიღოთ ის, რაც ზედმეტია. სარკე სასარგებლოა როგორც ფენ-შუის მიხედვით, ისე დიზაინის თვალსაზრისითაც. სარკემ „იცის როგორ“ დაამატოს სიგანე ვიწრო დერეფანს და გააორმაგოს პატარა აბაზანის სივრცეც. მაგრამ ყველას არ შეუძლია გაუმკლავდეს ინტერიერის ასეთ სამუშაოებს. ამიტომ, რთული განლაგების ბინაში უმჯობესია, დახმარებისთვის მიმართოთ ფენ-შუის სპეციალურ ტექნიკას. მაგალითად, სააბაზანო ოთახი, რომლის კარზეც სარკე გარედანაა დამაგრებული, მასში უნიტაზი არ ჩანს. ეს კი კარგია, რადგან ფენ-შუის მიხედვით, სასიცოცხლო ენერგია სწორედ უნიტაზიდან ჟონავს და თუ ის არ ჩანს, ესე იგი, იქ არც არის. მაგრამ კარს შიგნით დაკიდებულ სარკეს, რომელშიც უნიტაზი აისახება – ტაბუ ადევს. ასევე, მნიშვნელოვანია ხედი ფანჯრიდან, რომელიც არცთუ იშვიათად უსიამოვნოა: ამწეებით, სამშენებლო მოედნებით, უგემოვნო სტელებითა თუ სკულპტურებით, ამ შემთხვევაში, ფენ-შუის მიხედვით, თქვენ უნდა მოათავსოთ სარკე ქუჩისკენ გამავალ ფანჯარაზე. თუ აივანი გაქვთ, შეგიძლიათ, პირდაპირ კედელზე ჩამოკიდოთ დიდი სარკე, რომელშიც გარედან შემომავალი უარყოფით ენერგიები აირეკლება.

– რის მოხვედრაა უმჯობესი სარკის ანარეკლში?

– გამომდინარე იქიდან, რომ, რაც კი სარკის ანარეკლში მოხვდება ყველაფერი ორმაგად დიდდება, უმჯობესია, ეს ყოველივე საუკეთესო იყოს: ლამაზი ავეჯი, ძვირად ღირებული სამკაულები, უგემრიელესი საკვები, ბროლის ნათურები, საყვარელი ქანდაკებები და ნახატები. მოკლედ, ყველაფერი, რაც კი სიუხვესა და ფუფუნებას ასახავს. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ სარკეებში არ ჩანდეს ჩაკეტილი თაროები, ანტრესოლი და ნაგვის ურნები. შექმენით წინასწარ გააზრებული და ლამაზი კომპოზიციები. რადგან ფენ-შუის მიხედვით, სარკე წყლის სიმბოლოა, ამიტომ სარკის ჭერი, ან მისი სარკის ფილებითა თუ ნატეხებით მოპირკეთება, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იქ, მაღლა წყალია და საცაა დაიტბორებით. თანაც, მის ანარეკლში სხეული „დაჭრილი” ჩანს. ამიტომ დიზაინის ეს ტექნიკა არ არის ხელსაყრელი. კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე ცნობილი ტაბუა – სარკე საძინებელში, მაგრამ მაინც თუ არის, არ უნდა ასახავდეს საწოლზე მწოლიარეს. ეს უბრალოდ, უსიამოვნოა და თანაც, ღალატის მომასწავებელი. უამრავ კითხვას აჩენს ასევე, სახლის შესასვლელში სარკის განთავსების ადგილი, თუმცა ფენ-შუი ყველაფერს მარტივად ხსნის: სარკეს არ ვკიდებთ შესასვლელი კარის მოპირდაპირედ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი, რაც კი სასარგებლოა, სახლში შესვლისთანავე უკანვე ირეკლება. არც შესასვლელი კარის შიდა ზედაპირზე დაკიდოთ ის. კი, ასე თითქოს მოსახერხებელია – კარი სადღაც „ქრება”. მაგრამ სახლში შესასვლელი კარი ხომ ბინის დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, სახლიდან გასვლამდე რომ საკუთარი თავი შეათვალიეროთ, უმჯობესია, სარკე გვერდითა კედელზე ჩამოკიდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფანჯარა, კარი და ტუალეტი არ აისახოს სარკეში – სწორედ მათი მეშვეობით ხდება ენერგიის გაჟონვა, რის ეფექტსაც სარკე უფრო აძლიერებს. არც ერთმანეთის პირისპირ განათავსოთ სარკეები. „სარკე სარკეში“ ქმნის უსასრულო დერეფნის ილუზიას, რაც შეიძლება გახდეს ერთგვარი პორტალი სხვა, პარალელური რეალობისთვის. უსასრულობის განცდა ბინის მფლობელს თავის სივრცეზე კონტროლს ართმევს – ბინა გრძელდება სადღაც უსასრულობაში, რაც მეპატრონის შფოთვას იწვევს. გონება ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს – ეს არის სახლის უსაფრთხოების პრინციპი.

– იმასაც აქვს მნიშვნელობა, სარკეს რა სიმაღლეზე დავკიდებთ?

– სარკის არასასურველი პოზიციაა, როცა ის ძალიან დაბლა ან ძალიან მაღლაა განთავსებული. ამას ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნახავთ: ან დაბალი ადამიანი ვერ წვდება სარკეს, ან, პირიქით – საშუალო და მაღალი სტუმარი სახის დასანახად იძულებულია, დაიხაროს, თორემ სადღაც კისერთან „იჭრება“ მისი გამოსახულება. თუმცა ფენ-შუის ცოდნა არც არის საჭირო, რომ მიხვდეთ, ასეთი დისკომფორტი, საბოლოოდ, განწყობას აუარესებს – იზრდება უკმაყოფილება საკუთარი თავისა და ზოგადად, ცხოვრების მიმართ. ფენ-შუის თანახმად, ყოველი ასეთი მიდგომა სარკესთან სასიცოცხლო ენერგიას ართმევს ადამიანს. რეალურად კი, სახლი, პირიქით, უნდა კვებავდეს და აღადგენდეს ენერგიას. და ეს ხდება ყოველდღე. ამიტომ, ფენ-შუის მიხედვით, უმჯობესია, დიდი სარკეები გამოიყენოთ, რათა მათში ნებისმიერი ზომის ადამიანი „მოთავსდეს“, თანაც სტანდარტული – წრის, კვადრატის ან მართკუთხედის ფორმის, მაგრამ არა – ნახევარწრიული, რამაც შეიძლება უბედურება მოიტანოს, რადგან რჩება განცდა, რომ მას რაღაც აკლია.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ