იცით თუ არა, რომ თქვენს სახლში შეიძლება იყოს ენერგეტიკული პორტალი, ანუ ჩვენი სამყაროდან სხვა განზომილებებში (ნატიფ სამყაროში) გადასასვლელი კარიბჭე? – ის შეიძლება გაიხსნას სპონტანურად ან მაგიის მსახურთა ზეგავლენით. მისი გავლით კი შეიძლება ბნელმა ძალებმა თქვენთან შემოაღწიონ და ძლიერ დაგაზიანოთ – თქვენს ენერგეტიკულ ველში ჩაიბუდონ. ამიტომაა აუცილებელი, რომ აღმოაჩინოთ ეს პორტალი, რომელიც უნდა დაიხუროს. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი, ბატონი თამაზ მ.
– პორტალი ანუ კარიბჭე, გადასასვლელია ჩვენი სამყაროდან სხვა განზომილებებში (ნატიფ სამყაროში), ერთგვარი გზაჯვარედინია სამყაროთა შორის, მრავალი კვეთითა და დერეფნით. პორტალი შეიძლება გაიხსნას სპონტანურად, ენერგეტიკულ ნაკადთა გადაკვეთისა თუ სხვა ფაქტორთა ზეგავლენით, თუმცა მაგიის მსახურთაც შეუძლიათ, ის განზრახ გახსნან.
– რა საფრთხეს ქმნის პორტალი?
– პორტალის გავლით შეიძლება ათასი ჯურის არსებამ შემოაღწიოს თქვენს სივრცეში, შემოვიდნენ მიცვალებულები, დემონები თუ ასტრალის სხვა ბინადრები… და ყველა მათგანს, თავისი არსებობით, შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს ადამიანის ცხოვრებაზე – გამოაცალოს ენერგია და დაუზიანოს ჯანმრთელობა. რაც მთავარია, ასეთ სტუმრებს ღია პორტალით არა მხოლოდ ბინაში დარჩენა შეუძლიათ, არამედ უფრო ახლო მეზობლებიც ხდებიან – ადამიანის ენერგეტიკულ ველში იბუდებენ. ამიტომ, თუ მიხვდით, რომ თქვენს ბინაში ასეთი პორტალი ღიაა, ის უნდა დაიხუროს. თუმცა პორტალის დახურვა არც ისე ადვილია. ეს ყველაფერი იმ ძალებზეა დამოკიდებული, ვინც გაააქტიურა. ზოგ შემთხვევაში, ბინის კურთხევა დაგეხმარებათ. ხდება ისეც, რომ პორტალი საკმაოდ დიდია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ბინაში, სადაც ადამიანი წინასწარი განზრახვით გამოასალმეს სიცოცხლეს, ისეთი ძლიერი პორტალი გახსნილა, რომ არსებული სივრცის მიღმა მისი მოსაზღვრე მეზობლის ბინაც დაუპყრია. ასეთი პორტალი დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს, უშუალოდ მისი გახსნის ადგილას, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. პორტალის ბლოკირება შეგიძლიათ ასევე რუნებით (რუნები – უძველესი გერმანული (სკანდინავური) ნიშნებია, რომელსაც, ძირითადად, მაგიური დატვირთვა აქვს). თუმცა ნუ იმოქმედებთ თვითნებურად, მიმართეთ სპეციალისტს. პირადად მე, როცა მსგავსი საჭიროება იჩენს ხოლმე თავს, რუნებს სარკეზე ვალაგებ.
– რა შეიძლება იყოს პორტალის გახსნის მიზეზი?
– პორტალი ბინაში/სახლში შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზით: თუ იქ ჯადოსნური პრაქტიკით იყვნენ დაკავებულნი; ხშირად ხდებოდა და კვლავაც გრძელდება ძლიერი ნეგატიური ემოციების აფეთქება; იქ ცხოვრობდა პირი არასტაბილური მენტალიტეტით (განსაკუთრებით თუ ეს გარემოება იმავე ბინაში მცხოვრების მიზეზით იყო გამოწვეული); სახლი მდებარეობს ბუნებრივ ანომალიურ ზონაში; სასაფლაოსთან და ძველი სამარხების ადგილზე; იმ ადგილთან, სადაც რაღაც უსიამოვნო, ტრაგიკული მოვლენა მოხდა; ბინაში ვიღაც გარდაიცვალა, მით უმეტეს, თუ ეს იყო ნებაყოფლობით ან პირიქით, ძალადობრივი გზით – სულის გადასვლის მომენტში შეიძლება შეიქმნას პორტალი, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიკვდილის დროს უარყოფითი ენერგიის ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. პორტალი შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ძალიან ხშირად მას სარკე ემსახურება. სარკე თავისთავად პორტალია, მაგრამ მიძინებულ, უმოქმედო მდგომარეობაში.
– რით შეიძლება მისი გააქტიურება?
– სარკის გააქტიურებას ხელს უწყობს: სარკეებით მკითხაობა და მაგიური პრაქტიკა სარკის წინ – ნუ იმკითხავებთ სარკის დახმარებით, არ დასხდეთ მის წინ ანთებული სანთლით, ნუ ეცდებით სარკის დერეფნის შექმნას. არსებობს სპეციალური რიტუალები სარკით, მაგრამ მათი შესრულება პროცესის ცოდნისა და გაგების გარეშე, ძალიან საშიშია – შეიძლება ისეთი ძალები შემოიყვანოთ თქვენს ცხოვრებაში, რომელთაგან თავის დაღწევა შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული აღმოჩნდეს. წყარო
მასალის გამოყენების პირობები