ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, როგორც ცნობილია, შესაძლებელია არა მხოლოდ ხასიათის და ტემპერამენტის, არამედ კულინარიული მიდრეკილებების განსაზღვრა და შესაფერისი დიეტის არჩევა წონის რეგულირებისათვის. ეს რჩევები დაგეხმარებათ, სწორად შეადგინოთ თქვენი კვების რაციონი და, სურვილის შემთხვევაში, სწრაფად და შედეგიანად დაიკლოთ წონაში.
ვერძი
ვერძები გურმანები არიან, მაგრამ საჭმლის კეთება დიდად არ უყვართ, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. აქედან გამომდინარე, უმეტესად ჭარბი წონა აწუხებთ. ვერძებმა ჯობია სასუსნავებისგან თავი შეიკავონ, ენერგიის მომატებისთვის კი მარწყვი, კაკალი, პომიდორი მიირთვან.
მავნებელია: წითელი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. რეკომენდებულია რაც შეიძლება ნაკლები ტკბილეულის მიღება.
სასარგებლოა: ბურღულეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღეთ C ვიტამინით მდიდარი ხილი – ციტრუსები და ვაშლი, აგრეთვე, რეკომენდებულია ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად ჩაით დაიწყეთ.
დიეტა: უმჯობესია ფაფების დიეტა დაიცვათ და, რაც მთავარია, თავი შეიკავეთ ნახშირწყლების მიღებისგან. ვერძებისთვის განტვირთვის დღედ რეკომენდებულია სამშაბათი.
კურო
კუროებს სხვა ყველა ნიშანებზე უფრო მეტად აქვს „შენელებული“ ნივთიერებათა ცვლის სისტემა. ამასთან ერთად, ისინი გემრიელი ჭამის მოყვარულები არიან და კერძების მომზადებაც ეხალისებათ, ამიტომაცაა, რომ წონის პრობლემა სწრაფად ექმნებათ. კუროებისთვის უმჯობესია კვების რაციონი გაამდიდრონ ხახვით, პრასით, ხორცით, შვრიით, ჟოლოთი და მარწყვით.
მავნებელია: სხვადასხვა სახის სასუსნავი და ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა.
სასარგებლოა: რძე, არაჟანი, კეფირი, ბოსტნეული, თხილეული, ზღვის პროდუქტები, ხილი (კომში, ფორთოხალი, გარგარი და ატამი). ყავის ნაცვლად უმჯობესია ლიმონიანი შავი ჩაი ან გვირილის ჩაი.
ტყუპი
ტყუპები, ერთი მხრივ, დაუცველები არიან, მეორე მხრივ კი, იშვიათი შინაგანი ძალა და კარგი ჯანმრთელობა აქვთ. მათი ერთადერთი და უდიდესი მინუსია ის, რომ სტრესთან გამკლავებას ალკოჰოლითა და შოკოლადით ცდილობენ.
ტყუპებს უნდა ახსოვდეთ, რომ კალიუმის და ვიტამინი B-ს სემცველი პროდუქტები (ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო, კარტოფილი, ბანანი) მუდამ უნდა იყოს მათ რაციონში.
მავნებელია: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და მაგარი სასმელები.
სასარგებლოა: ყველი, თხილეული, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი (არაუმეტეს დღეში ერთხელ), ბურღულეული. თუ თაფლზე ალერგია არ აქვთ, ტყუპებმა შაქარი სრულად უნდა ჩაანაცვლონ თაფლით.
დიეტა: დაბალკალორიული დიეტები ტყუპებს არ გამოადგებათ, უმჯობესია დიეტა ცილების გარეშე. განტვირთვის დღე ოთხშაბათია, ამ დღეს რეკომენდებულია ხილი.
კირჩხიბი
კირჩხიბი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემა მისი სუსტი მხარეა. მისთვის სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ჩაი და ზღვის თევზი.
მავნებელია: საკონდიტრო ნაწარმი, უმი ბოსტნეული, ხილი (ხილი უნდა მიირთვათ, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით).
სასარგებლოა: ბურღულეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი. რაციონს ნიორი დაუმატეთ. ბოსტნეულის წვნიანი თქვენთვის სასარგებლო იქნება.
დიეტა: წონაში სწრაფად დასაკლებად არჩევანი კეფირის ან ხაჭოს დიეტაზე უნდა შეაჩეროთ. გარდა ამისა, კარგ შედეგს მოგცემთ წვნიანების დიეტაც. განტვირთვის დღისთვის რეკომენდებულია ორშაბათი.
ლომი
ლომები გემრიელად და ბევრს ჭამენ. შესაბამისად, ჭარბი წონის პრობლემაც ხშირად აქვთ. ლომისთვის სასარგებლოა ბურღულეული, შვრია, წიწიბურა, ხორბალი; აგრეთვე, სოია, კაკაო, თევზი და კვერცხი.
მავნებელია: ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი.
სასარგებლოა: ციტრუსები, რძის პროდუქტები და თეთრი ხორცი; ნიორი, ნიახური, კარტოფილი, ლეღვი და გარგარის ჩირი. საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ.
დიეტა: კარგი შედეგის მომტანი იქნება დიეტა, რომელშიც ჩართულია ციტრუსები და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი ხილი. განტვირთვისთვის საუკეთესო დღე ლომებისთვის კვირაა.
ქალწული
ვინაიდან ქალწული მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, შესაბამისად, სხვა ნიშნებზე უფრო პრეტენზიულიც არის. ქალწულები, ძირითადად, ჯანსაღად იკვებებიან. ისინი დეტალურად ეცნობიან პროდუქტს და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევენ. ქალწულის მთავარი ნაკლი არარეგულარული კვებაა.
მავნებელია: ტკბილეული და შებოლილი ხორცი. ქალწულებმა ალკოჰოლი საერთოდ უნდა გამორიცხონ რაციონიდან..
სასარგებლოა: მაკარონი, ბურღულეული (ფეტვი, შვრია, წიწიბურა), მოთუშული ბოსტნეული და რძის პროდუქტები. ქალწულისთვის რეკომენდებული ხილია ბროწეული, ყურძენი, გარგარი და რაც შეიძლება ბევრი ვაშლი.
დიეტა: დიეტა, რომლითაც სწრაფად ხდება წონაში დაკლება, ქალწულებს ეკრძალებათ. წვნიანების დიეტა დასაშვებია. კარგი იქნება, თუ ქალწულები ვეგეტარიანელობაზე იფიქრებენ. განტვირთვისთვის შესაფერისი დღე ოთხშაბათია.
სასწორი
სასწორებს, ზოგადად, კარგი ჯანმრთელობა აქვთ, თუმცა მათი სუსტი მხარეა მარილიანი და ცხიმში შემწვარი საკვების სიყვარული. სწორედ ეს აზიანებს მათ ჯანმრთელობასა და ზედმეტ კილოგრამებსაც ამის გამო იოლად კრეფენ. სასწორის კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს სიმინდი, ატამი და ნუში.
მავნებელია: მწნილები, შებოლილი ხორცი, ცხიმში შემწვარი საკვები.
სასარგებლოა: ბურღულეული, მაკარონი ბოსტნეულის გარნირით, ზღვის პროდუქტები და ფრინველის ხორცი. თქვენს რაციონში მუდმივად უნდა იყოს სპილენძის შემცველი პროდუქტი (კიტრი, თაფლი, მიუსლი), მანგანუმით (გოგრა, ყავისფერი ბრინჯი) და E ვიტამინით (მცენარეული ზეთი) მდიდარი საკვები.
დიეტა: სასწორისთვის არ არის რეკომენდებული ნახშირწყლებისგან სრულიად თავისუფალი დიეტა. კარგი შედეგი ექნება საზამთროს ან ბანანის დიეტას. განტვირთვის ყველაზე შედეგიანი დღე იქნება პარასკევი.
მორიელი
მორიელებისთვის „დამღუპველია“ ის, რომ შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში არაფერი ჩაუშვან პირში, მით უმეტეს, თუ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, დღის ბოლოს კი ერთბაშად აინაზღაურონ „დანაკლისი“. უპირველესად, კვების მიმართ ასეთ მიდგომაზე უნდა თქვათ უარი, რადგან ეს დროთა განმავლობაში არა მარტო თქვენს წონაზე აისახება, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემას დააზიანებს და, შესაბამისად, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც შეგიქმნით.
მავნებელია: ცხარე საკვები და შემწვარი ან გამომცხვარი პროდუქტი.
სასარგებლოა: ზღვის პროდუქტები, ხორცი, კომბოსტო, ციტრუსები და ვაშლი. სასურველია, თუ კერძებს ვანილს, ჯინჯერს და ბალზამიკოსაც დაუმატებთ.
დიეტა: დღეში 5-6-ჯერ კვება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება (კვებაში ითვლება ხილის ჭამაც), პრინციპით – ცოტ-ცოტა და მალ-მალე. კვებათა შორის აუცილებლად დაიცავით მინიმუმ 2-საათიანი შუალედი. ამ შუალედებში შეგიძლიათ მიიღოთ წყალი ან ჩაი. განტვირთვისთვის რეკომენდებული დღეა სამშაბათი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები საკმაოდ ძლიერი და ენერგიული ადამიანები არიან. მათთვის საჭიროა მინერალებით მდიდარი საკვები, ალკოჰოლისა და ცხიმიანი საჭმელებისგან კი თავი უნდა შეიკავონ.
მავნებელია: შებოლილი პროდუქტი და ღორის ხორცი, ასევე, მარილიანი და ტკბილი საკვები.
სასარგებლოა: მცენარეული ცხიმები, ზღვის და რძის პროდუქტები, მწვანილი, სხვადასხვა სახის სალათა.
დიეტა: შედეგიანია დიეტა ბარდით და ფაფებით. განტვირთვის დღისთვის ხუთშაბათი აირჩიეთ.
თხის რქა
თხის რქებისთვის მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის მოწესრიგება. ამისთვის კარგია რეჰანი, ოხრახუში, ნიახური და ა. შ.
მავნებელია: ტკბილეული, ისპანახი, შემწვარი და დაკონსერვებული საკვები. მოერიდეთ ნახშირწყლებისა და ცილების ერთად მიღებას. ჭამის შემდეგ დესერტი რეკომენდებული არ არის.
სასარგებლოა: მსხვილად დაფქული ხორბლის პური, ხაჭო, მაკარონი, კეფირი, ჩაშუშული ბოსტნეული და მჭლე ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო; ხილიდან – მარწყვი, ალუბალი, მაყვალი, კომში, ქლიავი. შეზღუდეთ შაქარი და თუ შესაძლებელია, მის ნაცვლად თაფლი გამოიყენეთ.
მერწყული
მერწყულები ყველაზე უკეთ აკონტროლებენ თავიანთ კვების რაციონს. მერწყულისთვის აუცილებელი სკვებია ლობიო, არაქისი, კაკაო, სოია, წიწიბურა.
მავნებელია: ნამცხვრები და შებოლილი ხორცი.
სასარგებლოა: ბოსტნეული (ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო) და ბოსტნეულის სუპები, ხილი (კომში, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი), თევზი და თეთრი ხორცი. ჩართეთ რძის პროდუქტები თქვენს ყოველდღიურ რაციონში.
დიეტა: თუ წონის პრობლემა გაქვთ და ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოშორება გინდათ, უარი თქვით მაღალკალორიულ და ნახშირწყლებით მდიდარ საკვებზე. განტვირთვის დღისთვის რეკომენდებულია შაბათი.
თევზები
თევზები განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე მოწყვლადები არიან სხვადასხვა დაავადების მიმართ. სასარგებლოა წიწიბურა და კომში, გოგრა – ნებისმიერი სახით (შემწვარი, მოხარშული – რა თქმა უნდა, უშაქროდ). ეს საკვები ენერგიას შეგმატებთ.
მავნებელია: ცხიმები, ტკბილი საკვები და ცხარე სოუსები.
სასარგებლოა: საზაფხულო ბოსტნეულის სალათები, ბრინჯი, წიწიბურა, ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, კაკალი და მზესუმზირა. რეკომენდებულია კვება ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ მინერალური წყალი.
დიეტა: წონის სწრაფად დაკლება თუ გსურთ, დაიცავით ყურძნის ან ბანანის დიეტა. განტვირთვის დღედ ხუთშაბათი აირჩიეთ.
მასალის გამოყენების პირობები