რატომ მიიჩნევენ ნაკიან წელიწადს სახიფათოდ და უიღბლოდ და ვის დააწვება ის მხრებზე მძიმე ტვირთად

0
135

როგორც ყოველთვის, ახლაც მრავალნაირი რჩევა-რეკომენდაცია მიიღეთ, თუ როგორ უნდა დახვედროდით ახალ წელს, რომ ფეხბედნიერი ყოფილიყო ის თქვენთვის. ასტროლოგები მწვანე ხის დრაკონის წლის პროგნოზსაც გვთავაზობენ… და თითქოს ყველაფერი ამოვწურეთ, მაგრამ 2024 ნაკიანი წელიცაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს ეშინია მისი დადგომის. ხალხური გადმოცემების თანახმად, თითქმის ყველა დროში ნაკიანი წელიწადი სახიფათოდ და უიღბლოდ მიიჩნეოდა – ათას რამეს მიაწერდნენ: მოუსავლიანობას, კონფლიქტებს, ომებსა და კლიმატურ კატასტროფებს. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ გავარკვევთ, რა შეიძლება მოჰყვეს ნაკიანი 2024 წლის შემობრძანებას. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი მარი დ.

– უპირველესად, ნაკიანი წელი ნიშნავს, რომ ძალაში შედის ხალხური გადმოცემებისა და ასტროლოგიური პროგნოზების საოცარი ნაზავი. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ნაკიანი წლის განმავლობაში არ არის კარგი მსხვილი შესყიდვები, ქორწილის გადახდა ან ახალი ბიზნესის დაწყება. სარგებელი შეიძლება სწრაფადვე დაიკარგოს ან ბევრი პრობლემა მოჰყვეს თან. ასტროლოგები კი ერთხმად მოგვიწოდებენ, რომ 2024 წელი ჩვენგან მთელი ძალებისა და გამძლეობის მოკრებას მოითხოვს. იმისთვის, რომ არ დაიძაბოთ და იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ მოცემულ სიტუაციაში, შემოგთავაზებთ ხალხური მინიშნებისა და რეკომენდაციების ნაკრებს ნაკიანი წლისთვის. მთავარია, არ შეშინდეთ და ნეგატიურად არ განეწყოთ ცხოვრებისადმი. ამისთვის კი უნდა იცოდეთ, რა შეიძლება მოხდეს და როგორ უნდა დაძლიოთ წინააღმდეგობები.

– და რა უნდა მოხდეს?

– ნაკიანი წლის აკრძალვები ეხება ცხოვრების ყველა სფეროს. მაგალითად, სახლისა და კარიერის შესახებ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ. 2024 წელი არ არის საუკეთესო დრო ახალ ბინაში გადასასვლელად, სახლის საყიდლად ან ასაშენებლად. ახალი სახლი შეიძლება უიღბლო აღმოჩნდეს – დაიწვას ან იმაზე მეტი დრო და ფული დაიხარჯოს მასზე, ვიდრე ელოდით. იგივე ეხება აბანოების მშენებლობასაც. ხოლო, ახალმა ავეჯმა რომ დიდხანს გაძლოს, ნუ იყიდით მას რიცხვებში, რომლის შემადგენლობაშიც შვიდიანი (7, 17, 27) შედის. მომავალ წელს, რომ ოჯახური ბედნიერება არ დაგენგრათ, არ შეცვალოთ ღუმელი ან ბუხარი. როცა შესასვლელი კარის ზღურბლს გადააბიჯებთ გრძელ გზაზე გამგზავრების თუ მოგზაურობის წინ, ხიფათისგან დაგიცავთ ეს მარტივი შელოცვა: „ზღურბლს ვტოვებ – სახლში ვბრუნდები. ამინ!” შემდეგ კი, თამამად გასწიეთ თავგადასავლების საძიებლად – ყველაფერი კარგად ჩაივლის. ნუ დატოვებთ თქვენს ახლანდელ სამსახურს, რადგან ახალ ადგილას ბევრი პრობლემა და უსიამოვნება შეგხვდებათ. თუ შეთავაზება მაცდურია, ის ახალ წლამდე უნდა მიიღოთ, ან გადადოთ 2025 წლისთვის. 2024 წელს გახსნილი ბიზნესი ზარალიანი იქნება, თუნდაც ყველა წვრილმანი დაგეგმილი და გათვალისწინებული გქონდეთ. ეს წელი მხრებზე ტვირთად დააწვება მათ, ვისაც არ სურს, შეიცვალოს. მზად იყავით, ცვლილებებს მოქნილად უპასუხოთ, სიახლეები შეისწავლოთ და უნარები გაიუმჯობესოთ. იაქტიურეთ, გაიარეთ კურსები, დაესწარით სემინარებს, კონფერენციებს და შეისწავლეთ ახალი ენები. ხოლო, თუ რამე არასწორად წავა, ყოველთვის გქონდეთ გეგმა „ბ“.

– რაც შეეხება ოჯახს: ქორწინებას, ბავშვებსა და ურთიერთობებს… ამ მხრივ რა გველის?

– ნაკიან წელს ქორწილები ტრადიციულად აკრძალულია. მაგრამ თუ გულის ძახილი ძლიერია, ქორწინებამდე გზას შემდეგი სიტყვები გაგიხსნით: „გვირგვინს გვირგვინი გვადგამს და არა ნაკიანი წელიწადი“. თუ 2024 წელს ოჯახში ბედნიერი მატებაა, ნათლიები სისხლით ნათესავებს შორის აარჩიეთ. ხმაურით და ზარ-ზეიმით ნუ შეხვდებით ჩვილის პირველი კბილის ამოჭრას, თორემ სტომატოლოგიური პრობლემები შეგექმნებათ. ორსულებმა მშობიარობამდე თმა არ უნდა შეიჭრან, რათა ჯერ არდაბადებულ ბავშვს ძალა და ჯანმრთელობა არ შეუკვეცონ. განქორწინებამ რომ სულში ღრმა კვალი არ დატოვოს და თქვენს ბედზე ცუდად არ იმოქმედოს, ახლად ნაყიდი პირსახოცი ეკლესიაში წაიღეთ და იატაკის მოსარეცხად დატოვეთ. საკუთარ თავს კი უთხარით: „ხარკს ვუხდი ნაკიან წელს და გთხოვ, ჩემო ანგელოზო, დადექი ჩემ გვერდით.” და სამჯერ გაიმეორეთ „ამინ”. მინიშნება გვამცნობს, რომ ნაკიან წელში ახალი სიყვარული ხანგრძლივი და ბედნიერი არ იქნება. ხშირი ჩხუბი და ღალატი გახდება ასეთი წყვილის თანამგზავრი.

– სხვა საყოფაცხოვრებო მინიშნებებიც იქნება, ალბათ?

– ძაღლის ან მგლის ყმუილი შემოგესმათ? ამ დროს წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „წადი, იყმუვლე, ოღონდ არა ჩემს სახლში. ამინ!” ფრინველზე ნადირობთ? – ყოველი მესამე ნადავლი მეზობლებში გაეცით ან ქველმოქმედებისთვის გაიღეთ. მცენარეების დარგვისას, თან უნდა იჩურჩულოთ: „ნაკიან წელს ვრგავ და ამით სიუხვესა და სიმდიდრეს ვმატებ ოჯახს“. ხოლო, ვისაც სოკოს შეგროვება უყვარს: 2024 წელს ამას ნუ გააკეთებთ, ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკია. პირველ ჭექა-ქუხილს რომ გაიგებთ ამ წელს, სასწრაფოდ გადააჯვარედინეთ თითები და თქვით: „მთელი ოჯახი ჩემთანაა!” და ჩამოთვალეთ მათი სახელები, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, გიყვართ და აფასებთ. დაასრულეთ შელოცვა სიტყვით „ამინ”. მოერიდეთ ეკლესიას, სადაც პანაშვიდი ტარდება, განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ ან პატარა ბავშვი გყავთ. ამ გზით თავს დაიცავთ ნეგატიური ქვენა არსებათა შემოსევისგან. ასევე, წინასწარ არ იყიდოთ დაკრძალვისთვის საჭირო ნივთები (ტილო, პირსახოცები), უბედურება რომ არ მიიზიდოთ. ნაკიანი წლის განმავლობაში ორშაბათობით ბანაობა იღბლის გაცემას ნიშნავს. მთავარი რჩევა 2024 წლისთვის კი არის: ნაკიან წელს მთელი ნებისყოფა მოიკრიბეთ და ყველას აჩვენეთ, რასაც იმსახურებთ. იყავით ყურადღებიანი, ფრთხილი, უპირატესობა რაციონალურ არგუმენტებს მიანიჭეთ და არა ემოციებს. მოემზადეთ სამუშაოსთვის და თვითგანვითარებისთვის: ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, მყარად დადგეთ ფეხზე. ეს რთული, მაგრამ საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ მტკიცე საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ წლებსა თუ ათწლეულებსაც კი.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ