რა მისტიკური ნიშნები წინასწარმეტყველებს სიკვდილს

0
302

რამდენიმე მისტიკური ნიშანი, რომელიც სიკვდილს წინასწარმეტყველებს – ბევრს სჯერა ასეთი ცრურწმენების და ამჯობინებს, შესაბამისი მინიშნებები გაითვალისწინოს, თუმცა არცთუ ცოტას, საერთოდ არ სწამს მისი. რას ვიზამთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს. ჩვენ უბრალოდ, ყველაზე გავრცელებულ მინიშნებათა ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომლითაც ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება შეიძლება. ამ თემაზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი

– სიკვდილის მაუწყებელი ნიშნების აღმოჩენა, არა მგონია, ვინმემ მოინდომოს, მაგრამ ინტერესს კი ნამდვილად აღძრავს: ნეტა, ასეთი რა უნდა იყოსო?

– ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ჩრდილი ადამიანის სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქრება, თუმცა ამის შემჩნევა ადვილი არ არის. ამიტომ, ამ აუხსნელ ფენომენს დიდი ყურადღება არ ექცევა. ზოგჯერ კი, ადამიანის სიახლოვეს დამატებითი ჩრდილები ჩნდება, რასაც მხოლოდ ყველაზე ყურადღებიანი თუ შეამჩნევს. მათი გაელვება ხომ მხოლოდ წამის მეასედს გრძელდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, ვის ზურგს უკანაც უცნობი ჩრდილი გამოჩნდა, მოკვდება. ცრურწმენა იუწყება, რომ სიკვდილი ელის სახლის ერთ-ერთ მცხოვრებს. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე კი, შესაძლოა მკრთალი მოლურჯო ნისლით „შეიბუროს“ ადამიანი, რაც ყველაზე ნათლად ფოტოებზე ჩანს. თუმცა ეს ნათება, გარკვეულწილად შეიძლება, ადამიანის აურასთან იყოს დაკავშირებული. ბევრი საერთო არ აქვს მისტიციზმთან მინიშნებას, რომელიც კანის ფერის შეცვლაზე მიუთითებს. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს შეიძლება სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მეტყველებდეს. ამ დროს ყველაზე ხშირად ხელების სილურჯეს ან სახეზე ლაქების გაჩენას უჩივიან. როგორც ცნობილია, სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის სახე ასიმეტრიულია. მაგალითად, შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს წარბები, თვალები. სიკვდილამდე კი, სულის მდგომარეობა იცვლება და სახე სიმეტრიული ხდება. ამ ფენომენს განსაკუთრებული სახელიც კი აქვს: „ჰიპოკრატეს ნიღაბი“.

– მე უფრო ჰალუცინაციებს მოველოდი…

– არც უმაგისობაა – სიკვდილის მოახლოებისას ადამიანს სმენითი ჰალუცინაციები აქვს: პერიოდულად ცარიელ ოთახში ვიღაც სახელს ეძახის ან ზარის რეკვა ესმის. ზოგჯერ ამას შეიძლება ვიზუალური ჰალუცინაციებიც ახლდეს. რაც შეეხება ახალი ხალების გაჩენას, ძალიანაც ნუ შეგაშინებთ. ყველაზე ხშირად ეს ფენომენი სულაც არ ნიშნავს სიკვდილს, მაგრამ სიგნალი კია ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი პროცესის შესახებ. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები იყოს. გარდა ამისა, ქალებში ახალი ხალები ხშირად ჰორმონული ცვლილების ან ორსულობის დროს ჩნდება. თუმცა ხალებისა და ლაქების შესახებ სხვა მინიშნებებიც არსებობს და ესენია: არაბუნებრივი, მოლურჯო-წითელი ხალი კისრის უკან ნიშნავს სიკვდილს რაიმე ინციდენტის გამო; ფერმკრთალი ნეოპლაზმი (სიმსივნური წარმონაქმნი) იდაყვის ზემოთ – ადამიანი მოკვდება კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო ან კრიმინალის ხელით; ქუსლზე ერთი ან ზურგსა თუ მხარზე ერთდროულად ორი ახალი ხალი – ადამიანს უბედური შემთხვევა იმსხვერპლებს; ხოლო ახალი ხალი თმის ხაზზე საზარდულის მიდამოში – სიკვდილი დადგება წარუმატებელი ოპერაციის ან ძალადობის შედეგად.

– ეს ყველაფერი გარეგნულ ნიშნებს ეხება, მაგრამ სიკვდილის მოახლოება შეიძლება შინაგან ძალებსა და შეგრძნებებზეც იყოს დამოკიდებული?

– ამ დროს ორგანიზმი კარგავს ძალებს ან პირიქით, მკვეთრად უმჯობესდება მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს ყველა მომაკვდავს არ ეხება, რადგან სიკვდილი ადამიანს ზოგჯერ მოულოდნელად ეწვევა. მაგრამ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობს მძიმე და მტანჯველი სენით, ხშირად სიკვდილის წინ მთელ ძალებს კარგავს. ამ დროს სხეულში ძალიან ცოტა ენერგია რჩება, მისი ყველა რეზერვი ამოწურულია და ენერგიის გაცვლის ინტენსივობა შენელებულია დაბალი მობილურობის, პროგრესული დეპრესიისა და აპათიის გამო. თუმცა ხდება პირიქითაც: ზოგჯერ მძიმე ავადმყოფი სიკვდილის წინ, მოულოდნელად, თავს უკეთ გრძნობს და ისიც კი ეჩვენება, რომ დაავადებამ სასწაულებრივად უკან დაიხია. ჩნდება განცდა, რომ პაციენტი უკეთ ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ილუზიაა. ზოგჯერ კი ხანდაზმულების უმეტესობა ირწმუნება, რომ განწირულია და ამას ინტუიცია კარნახობს. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად სიკვდილის წინ ჩნდება და არცთუ დიდი ხნით ადრე. ასევე, გავრცელებულია მოსაზრებაც, რომ ზოგჯერ ადამიანი სიკვდილამდე ხვდება თავის ორეულს – უცნობს, რომელიც საოცრად ჰგავს (ბოლოს და ბოლოს, ყველამ იცის, რომ მსოფლიოში ბევრს ჰყავს, ეგრეთ წოდებული, ორეული). ასეთი შეჯახება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარ თავს გარედან შეხედოს: სწორედ ასე აკვირდება სული სხეულს იმ დროს, როცა ტოვებს.

– ქცევაში თუ ჩნდება უცნაურობები?

– როგორც წესი, ქცევა შეიძლება შეიცვალოს როგორც უარესობის, ასევე უკეთესობისკენაც. მაგრამ ყველაზე ხშირად ეს იმ ადამიანშია შესამჩნევი, რომელიც ოდესღაც მხიარული და პოზიტიური იყო, მაგრამ დეპრესიული და მოწყენილი გახდა (სწორედ ასეთ შემთხვევებში ამბობენ, მზერა ჩაუქრაო). დაბოლოს, ბევრს უყვარს, გაეცნოს და შეისწავლოს ახალი მინიშნებები, მაგრამ ჩვენს ინტერვიუში მოცემული ინფორმაცია, ბევრისთვის შეიძლება შემზარავი აღმოჩნდეს. ამიტომ, გირჩევთ: ზედმეტადაც ნუ ჩაუკირკიტდებით ამ ყველაფერს. არ ღირს, შიშით შეპყრობილმა უცნაური დამთხვევები ეძებოთ იქ, სადაც არ არის.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ